უკანასკნელ ხუთ თვეზე...

სივრცე სავსეა ოქტომბრით ...ეს შემოდგომაც წარსულს ემატება...როდესმე დადგება დრო ,როცა ამ დღეებზე დავწერ წარსულ დროში და გავიღიმებ ,რომ ეს ყველაფერი უკვე განვლილია...
დღეს ფეხსაცმელები გადმოვიღე ,სათითაოდ გავიზომე და ვერცერთი ვეღარ ჩავიცვი ,გამწყრალმა დავხედე მარცხენა ფეხს ,თვალებში მოწოლილი ცრემლები გადავყლაპე და სევდა მორეულმა გავიფიქრე აწი ახლები დამჭირდება-მეთქი...სადაცაა მეხუთე თვე მიიწურება რაც ასე ნელ-ნელა ვკეცავ და ჩემოდნებში ვალაგებ ძველ ნივთებს ,ძველ მოგონებებს ,ძველ ადამიანებს,უნივერსიტეტის კონსპექტებს.ნელ-ნელა ვემშვიდობები ყველაფერს რასაც ვაკეთებდი და დიდხანს ან საერთოდ ვეღარ გავაკეთებ...
მეხუთე თვეა ასე დაცლილი და შიშველი ხელებით ველოდები რა იქნება ხუთი თვის შემდეგ. დანამდვილებით ვიცი ,რომ ჩემი ცხოვრების არცერთი სცენა არ გათამაშთება სევდის გარეშე, თუმცა აღარც ეს არ არის პრობლემა , მგონი ცოტათი მიხდება კიდეც...
ბევრი ვიტირე...ენით გამოუთქმელი ტკივილი ვიგრძენი...ჯოჯოხეთი მოვიარე და მოვბრუნდი...ხვალ ახალი დღეა და ხვალაც მემახსოვრება ,რომ სიკვდილს გვერდი ჩავუარე და ჩემსკენ გამოწვდილ ხელზე გვარიანად დავანერწყვე...ყველა შიშისგან გავთავისუფლდი...
არ დავეცი მაშინაც კი,როცა ყველაზე გამართლებული იქნებოდა დავარდნა.ორმა საბურავმა გადამიარა და ჩემით დავჯექი მიწაზე...
ასეთ ამბებს ასე მოკლედ არ ყვებიან,მაგრამ ახლა იყოს ასე მრავალწერტილებით შევავსებ სათქმელს...
როცა სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდები და თვალებში ჩახედავ უფრო მეტად აფასებ სიცოცხლეს, უფრო მეტად გიყვარდება ადამიანები ,რომლებიც ყავარჯნებივით შემოგიდგებიან მხრებში.საერთოდ ასეთ დროს ყველაზე და ყველაფერზე გეცვლება წარმოდგენა...
მე მჯერა,რომ შემოდგომაზეც შეიძლება მოვიდეს გაზაფხული და მოვა კიდეც. ❤


Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი