როგორ შევხვდი сovid 19-ს

 

ჯერ კიდევ მაშინ ,როდესაც ქართული საინფორმაციო სააგენტოები აქაიქ ავრცელებდნენ ინფორმაციას ახალი ჩინური ვირუსის შესახებ ,უცხოურ მედიასაშუალებებში განგაშის სიგნალი იყო ჩართული,თუმცა მეც სხვების მსგავსად ზედაპირულად  ვსქროლავდი  ნიუსებს ვფიქრობდი ჩინეთიდან ძალიან შორს ვართ და შიშის მიზეზი არ გვაქვს. მოკლედ ვაგრძელებდი ცხოვრებას ჩვეულებრივ...

დასაწყისში არავის წარმოედგინა ,რომ ერთ დღეს მოგვიწევდა შენიღბული სიარული და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მეგობრებთან ,მეზობლებთან და ოჯახის წევრებთანაც კი...

როდესაც ვუყურებდით ,ვუსმენდით და ვკითხულობდით ,როგორ უმოწყალოდ კლავდა ვირუსი ჩინელებს დიდად არც განვიცდიდით და იმასაც ხშირად ვამბობდით ყველაფერს ,რომ იყრიდნენ პირში იმიტომ დაემართათო...კოვიდზე მეტად ვუჰანის ხორცის ბაზრობის კადრებბმა შეძრა მსოფლიო.ვწყევლიდით და ვლანძღავდით ჩინელებს და მგონი რაც მათ ვუსურვეთ ჩვენვე დაგვიბრუნდა უკან უმოკლეს დროში.

მერე ვირუსმა იფეთქა იტალიაში და სხვების არ ვიცი ,თუმცა ჩემი კოვიდური შიშები სწორედ აქედან დაიწყო...როდესაც გამახსენდა რამდენი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იმყოფებოდა იქ  ნერვიულობისგან ტუჩები დავიჭამე. ნელ-ნელა გაქრა ჩვენ არ დაგვემართებას განცდა.უფრო და უფრო აჩქარდა პულსი ,ერთ უძილო ღამეს მიჰყვა მეორე,მეორეს მესამე და შემდეგ უკვე სათვალავი ამერია. შემთხვევების მატებასთან ერთად მატულობდა დაძაბულობა და ვიდეო-ზარები ახლობლებთან. გამოვიწერე ყველა სატელევიზიო არხი და სამედიცინო ვებ-გვერდი.სოციალურ ქსელში დავიმეგობრე ცნობილი ექიმები,ზუსტად ორ დღეში წავიკითხე ყველა მოსაზრება,კვლევა თუ კომენტარი რაც კი იმ წუთამდე ვირუსსზე თქმულა.ვიყიდე ნიღბები ,ფარები და ხელთათმანები.საპონი და სანიტაიზერი ისედაც ყოველთვის მქონდა სახლში... 

ვირუსმა ჯერ უთვალავი ჩინელი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ,მერე იტალიას მიადგა და ამხელა ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო დანადგარების ,საწოლების და მედპერსონალის დეფიციტი გააჩინა ,ჩვენ კი მასთან საბრძოლველად არსებული გაიდლაინის თანახმად ერთადერთი ეფექტური საშუალება ხელების და ზედაპირების ხშირი დეზინფეცია გვქონდა.აი აქ კიდევ უფრო შევშინდი და ყველაზე გონივრულ გამოსავლად ლოცვის გაძლიერება მივიჩნიე...ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად და იტალიაში კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობის ფონზე წესები შევიმუშავეთ ოჯახში.გამოგიტყდებით და მე შევიმუშავე ერთპიროვნულად დანარჩენებმა კი მიიღეს და შეასრულეს ,იმიტომ რომ ახალ ვირუსსზე მეტად იმის ეშინოდათ არ გაგიჟდესო. იმ მომენტიდან , როდესაც კოვიდით ინფიცირების შემთხვევები ჯერ იმ რეგიონში , მერე კი იმ ქალაქშიც დაფიქსირდა სადაც დედაჩემი იმყოფებოდა პანიკური შეტევები გამიმძაფრდა, ნერვიულობით დაღლის თუ ჩამთვლემდა მალევე შეშინებული ვიღვიძებდი და დედაჩემს ვურეკავდი.გაჩერდა ფრენები, ჩაიკეტა საზღვრები და ამდენი კილომეტრით შორს მყოფს როგორ უნდა დავხმარებოდი ამაზე ფიქრით ლამის ჭკუიდან შევიშალე.

საქართველოში ჯერ კიდეც არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული მაშინ როცა მე  პირბადის და ხელთათმანების გამოყენება დავიწყე სხვათაშორის ამის გამო ქუჩაში ხშირად დაუცინიათ, თუმცა დრო რომ გავიდა ბევრისგან მოვისმინე ნეტავ ჩვენც შენსავით გვექნაო ,მაგრამ ახლა ამ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები.

 როდესაც ვიურსმა ჩვენი საზღვრებიც გადმოჰკვეთა, ზუსტად იმ დღეს საქმიან შეხვედრაზე ვიყავი თბილისში და მთელს ქალაქში  მხოლოდ მე მეკეთა ნიღაბი.მართალია იმ დროისთვის ჩემი ქალაქის და ოჯახისწევრების მსგავსად  არც იქ არ შეენიშნებოდათ პანიკა ადამიანებს და უფრო მეტიც ცოტათი გაკვირვებულებიც კი მიყურებდნენ,თუმცა ჩუმი დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა.თბილისი ცენტრალის უზარმაზარ შენობაში ვიღაცამ ესკალატორზე დააცემინა და მოძრაობა შეჩერდა.უამრავი შეშინებული თვალი უმზერდა დაბნეულ მოხუცს. ზოგმა ანტისეპტიკით დაიმუშავა ხელები ,ზოგმა მაისურში ჩამალა ცხვირი ,თუმცა მაინც ჯერ კიდევ ძველებურად იყო ყველაფერი...

 დანარჩენი მოვლენების განვითარებაზე თავადაც იცით...

მალევე გამოცხადდა მსოფლიოში პანდემია და პარალელურად მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა ჩემი ნერვული სისტემა ერთ დღეს შაქარი დამივარდა და ცუდად გავხდი , ჩემმა ძმამ მითხრა არ სუნთქავდიო. აი აქ მივხვდი ,რომ სხვა რამეზე ყურადღების გადატანა მჭრდებოდა და ტელევიზორი გამოვრთე.

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ დავწეროთ სცენარი